შემოდგომის თემატური ციკლის შესწავლის შემდეგ კლასში შევედი
ინიციატივით - მოგვეხდინა თემის სრული განხილვა–შეჯამება, რასაც დავასრულებდით საკლასო ზეიმით . მოსწავლეებმა სიხარულით აიტაცეს წინადადება და შევუდექით საქმეს. პირველ რიგში გავინაწილეთ დავალებები.
I ჯგუფი-მოსწავლეებს უნდა აღეწერათ შემოდგომის შემოსვლა თავიანთ სოფლებში.დაკვირვებოდნენ, თუ როგორიცვლის სახეს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში, რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომისდადგომას.
დაემზადებინათ ჰერბარიუმი, შეექმნათ ნახატები
შთაბეჭდილებებით.
ბავშვებმა
წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებას
წარმოგიდგენთ
ზოგიერთ მათგანს:
შემოდგომაზე კლიმატი იცვლება,დღე თბილი, ღამე კი გრილი და მშვიდია.
მზე, რომელიც აქამდე ყვითელ სხივებს ჰფენდა ქვეყანას, ახლა ალისფერი
გადაკრავს.ცივი ქარი აშიშვლებს და ძარცვავს ხეებს უკანასკნელი ფოთლებისაგან.თითქოს
უნდა ის ქურქი გახადოს, რომლითაც აქამდე იყვნენ შემოსილნი და იწონებდნენ თავს.
ალექსი ქარსელაძე
მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის.ამიტომ დღე მცირდება, ღამე კი
მატულობს.მზე თავის სხივებს უფრო ალმაცერად გვიგზავნის და სითბოც აკლდება,
ქვეყანას ხეირიანად ვეღარ ათბობს და ამიტომ ჰაერი ცივდება. დილით და საღამოს ისე
ცივა, რომ თბილი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას კაცმა.შემოდგომის ხშირი წვიმა ზაფხულის
შხაპუნა წვიმას არა ჰგავს.ხშირია ქარები,რომელიც ხეებს ფოთლებისაგან ძარცვავს და
მიწას ხალიჩად ეგება.
ლუკა ლეპერტი
წამსვლელი ფრინველები შორს მოგზაურობისათვის ემზადებიან.ისინი ტოვებენ
მშობლიურ კუთხეს და თბილი ქვეყნებისაკენ მიეშურებიან. ასევე საინტერესოა ტყესა და
მინდვრებში მობინადრე ცხოველების ფაცი-ფუცი.ისინიც ადამიანების მსგავსად
შემოინახავენ ზამთრის სარჩოს და მათ სადგომს ხმელი ფოთლებით ათბუნებენ, რომ ტკბილ
ძილს მიეცენ ცივ და მკაცრ ზამთარში, მაგალითად დათვი.
თაკო ხაჩიძე
სექტემბერში მზე თანდათან გვიან ამოდის და ადრე ჩადის.ამიტომ დღე პატარავდება,ღამე კი მატულობს. ხეებს ფოთლები უყვითლდებათ და ძირს ცვივა. ბალახი,
რომელიც სიცხეს გადაურჩა, სიცივემ გაახმო
ლუკა კვიტატიანი
II ჯგუფი- უნდა მიეღოთ მონაწილეობა
მოსავლის აღების პროცესში და ფოტოებზე აღებეჭდათ. გადაეღოთ სურათები ყურძნის კრეფისა და დაწურვის, ჩურჩხელების ამოვლების, კაკლის ბერტყვის, სიმინდის ტეხის პროცესებისთვის . დაკვირვებოდნენ,
როგორ ემზადება სოფელი ზამთრის შესახვედრად, როგორ ეზიდებიან შეშას ტყიდან. შთაბეჭდილებებით შეექმნათ ნახატები და დაეწერათ თხზულებები.
შაბათი და კვირა მოსწავლეთა უმრავლესობამ სოფლებში
გაატარა.
მათ შეძლებისდაგვარად წარმოადგინეს დავალება:
შემოდგომაზე ძალიან მიყვარს სოფელში
ყოფნა. მინდა , ამ საინტერესო და სახალისო პროცესს არ დავაკლდე. ბებია და ბაბუა თადარიგს
ადრიდანვე იჭერენ: ჯერ მინდორში გამხმარი სიმინდი უნდა მოჭრან, ურმით შინ მოიტანონ,
გაარჩიონ და სასიმინდეში ჩაყარონ. ფუჩეჩი კი კონებად უნდა შეკრან და შემდეგ უზარმაზარი
ზვინები დადგან, რათა შინაურ ცხოველებს ზამთარში საჭმელი ჰქონდეთ. თანაც სახლსაც უთბილავენ
სიცივისაგან თავდასაცავად.
ამასობაში ყურძენიც მწიფდება და იწყება რთველი. რეცხავენ
საწნახელს, ქვევრებს.ამ საქმეს ბაბუა ხელმძღვანელობს. მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილები ყურძნის კრეფასა და წურვაში
ჩავერთვეთ
ბებომ ბადაგს მოამზადა თათარისთვის. ჯერ გავარჩიეთ თხილი და კაკალი, გარედან შემოვაცალეთ მუქი ფერის კანი და
ნემსითა და ძაფით გავაკეთეთ პატარ-პატარა მძივები., რომლებიც თათარაში ამოვავლეთ და
გასაშრობად მზეზე გავფინეთ, მაგრამ გაშრობა ვინ აცალა? ცხლად მივირთვით ბავშვებმა.
ანა ცინაძე
წელს, როდესაც
მასწავლებელმა დაგვავალა, რომ რთველში და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიგვეღო, გავემგზავრე
ჩემს დედულში, სოფელ ზეინდარში, სადაც ზაფხულში
ვისვენებ ხოლმე.ბაბუას და ბებოს ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა, მაგრამ სალაპარაკოდ
და მოსაცდენად აბა ვის ეცალა? მაშინვე საქმეს შევუდექით: გავინაწილეთ საქმეები. მე
და ჩემს ძმას შედარებით მარტივი დავალებები მოგვცეს- ყურძენი უნდა მოგვეკრიფა და კალათებით
წაგვეღო მარანში. ყურძნის დიდი მოსავალი არ
მოსვლია ბაბუს, მაგრამ რაც იყო, გემრიელად მივირთვით, დანარჩენით კი ბადაგი მოადუღა
ბებომ, ჩურჩხელები კი მე ამოვავლე.ეს პროცესი ძალიან საინტერესო ყოფილა, კარგად გავერთვე,
თანაც თბილი ამინდი იყო და ამანაც ხელი შეგვიწყო.
საღამო
ხანს მამაკაცები ხის მოსაჭრელად მოემზადნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგოს საქმე
არ იყო, მე მაინც მოვიდომე მათთან ერთად წასვლა და უარიც არ უთქვამთ, უზარმაზარი ხე
მოჭრეს, მე კი დამავალეს იმ ადგილის მოსუფთავება ნარჩენებისაგან, რაც სიამოვნებით შევასრულე.
შემდეგ დაჩეხილი შეშა დაბავინავე შეშის ფარდულში. აქ ფოტოებიც გადავიღე და მასწავლებელს
წარვუდგინე მეორე დღეს, რისთვისაც შექება დავიმსახურე.
ასეთი საინტერესო
საქმიანობა გავწიე ამ შემოდგომაზე ჩემს სოფელში, რაშიც ეს პროექტიც დამეხმარა
თაკო მჟავანაძე
ამ შემოდგომას დედიკომ
და მამიკომ მე და ჩემი პატარა ძმა სოფელში წაგვიყვანეს.ბებიას და ბაბუას რთველი გაეჩაღებინათ,მეც
ავიღე ჩემთვის სახელდახელოდ დაწნილი პატარა
გოდორი და ჩავერთე რთველში,სავსე გოდორი მარანში მიმქონდა და საწნახელში ვყრიდი.ყურძნის
კრეფას რომ მოვრჩით ბიძაჩემს ყურძნის დაწურვაშიც დავეხმარე.
ჩვენი დაწურული წვენიდან ბებომ თათარა მოადუღა,ჩურჩხელები ამოვავლეთ.დედიკო
დიდი სიამოვნებით აფიქსირებდა ლამაზ კადრებს.
ლამაზია შემოდგომა,განსაკუთრებით სოფელში...
გიგი პატარიძე
III ჯგუფი-მოსწავლეებს ინტერვიუები უნდა აეღოთ ბებიებისაგან და ბაბუებისაგან იმის შესახებ, თუ რა იციან მათ სოფელში რთველთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ, თუ არის რამე განსხვავებაა ამ მხრივ წარსულსა და აწმყოს შორის, რომელი ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას. სასურველია, თუ შეისწავლიდნენ კიდეც რამდენიმე მათგანს.
დავალება ასე შეასრულეს:
დამაინტერესა, როგორ ხვდებოდნენ რთველს კახეთში. ამის გასარკვევად ვესტუმრე ბაბუას, რადგანაც ის ხშირად ესწრებოდა რთველს ,კერძოდ ყვარლის რ-ში, სოფელ შილდაში. ბაბუამ მითხრა, რომ იქ ჰქონდათ უზარმაზარი მარანი. ამ მარანში მიწაში ჩაფლული იყო დიდი ქვევრები. მარანში იდგა დიდი საწნახელი, რომელიც სპეციალური ღარით უკავშირდებოდა ქვევრებს, საიდანაც დაწურული ყურძნის წვენი ჩადიოდა.
მოკრეფილ ყურძენს გოდრებით ეზიდებოდნენ და ყრიდნენ საწნახელში, სადაც ჩადიოდა რამდენიმე კაცი და ფეხშიშველი ჭყლეტდა ყურძენს.
ბაბუამ მიამბო აგრეთვე, რომ ჩემს ბებოს წინასწარ ჰქონდა გამზადებული თხილი და კაკალი, აცმული თოკებზე, ბადაგისაგან მომზადებულ თათარაში ავლებდა მათ და და მზის გულზე, ეზოშივე ავლებდა.
სახლის გვერდით დიდი ბეღელი იყო თურმე, სადაც ათავსებდნენ სიმინს. ეზოში დგამდნენ უზარმაზარ ზვინებს.
მე განსაკუთრებით ყურძნის ჭყლეტის პროცესი მომეწონა და დიდი სიამოვნებით მივიღებ კიდეც მომავალში მონაწილეობას.
მათე გიორგელაშვილი
ნაწყვეტი ერთ-ერთი ინტერვიუს ჩანაწერიდან:
-რთველში თუ იხმარდით ვინმეს?
-დიახ, ჯერ ერთ მეზობელს ვეხმარებოდით, შემდეგ მეორეს და ასე-მონაცვლეობით, სანამ ყველას ეზოში არ მოიკრიფებოდა ყურძენი. რთველის შემდეგ კი არსებობდა კარგი ტრადიცია: ყველა ერთად მივუსხდებოდით სუფრას და ტკბილად შევექცეოდით მთელი წლის ნაშრომს. იყო გაუთავებელი სადღეგრძელოები და მოლხელა გვიან ღამემდე.
ლილე კილაძე
ყურძნის დაწურვა უმთავრესად მამა-პაპური წესით - ფეხით წარმოებდა საგანგებო ჭურჭელში-საწნახელში, რომელიც ხის ან ქვის იყო. მასში დაწურულ ყურძნის წვენს ათავსებდნენ ქვევრებში. ქვევრი ჭურჭლია, რომელშიც ღვინოს ათავსებენ.იგი თიხისაა და მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ქართული ღვინო ქვევრში ძველდება.
ყურძნის კრეფა არა მარტო შრომაა, არამედ სრულიად განსხვავებული რიტუალი. კრეფას განუმეორებელი სიმღერა ახლდა, წურვა კი თვითონ იყო საკვირველი ქორეოგრაფიული ნიმუში საწნახელში ჩამდგარი ხელიხელგადახვეული ბიჭებისა.
გიგი ხეცურიანი
ლამაზია იმერული კარ-მიდამო, კოინდრის მწვანე მოლი, ალაგ-ალაგ ხეხილის ბაღები, ზოგან საჩრდილობელი ასწლოვანი ცაცხვები, მოხდენილი ოდა, ბეღელი და სასიმინდე, მარანი და ჭურის თავი.
შორიდანვე თვალს მოგჭრის მომაღლო ადგილას გამართული ჭურ-მარანი. მისი ახლოს გაცნობა ძნელად ასცდება სტუმარს.
იმერეთში ყურძნის კრეფას ოქტომბერში იწყებენ.სოფლებში ახლად დაწურული ყურძნის სუნი ტრიალებს. მოხუცები თათარას ადუღებენ და ჩურჩხელებს ავლებენ, უფრო ჯანიანი მამაკაცები კი საწნახელში დგანან და მხიარულად ჭყლეტენ მწიფე მტევნებს, საღამოს კი ტკბილი მაჭრით იტყვიან ღმერთის სამადლობელს
ნინო ჭოლაძე
ინტერვიუ გიორგი გაბრიაძის ბებოსთან(85 წლის)
_ლენა ბებო, იქნებ მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე მიამბო რამე?!
_ შემოდგომაზე გლეხს უამრავი საქმე აქვს. ქალები, კაცები და ბავშვებიც კი ერთიანად განლაგდებიან და იწყება მოსავლის აღება. მინდორში გამხმარ სიმინს ჭრიან, ურმით შეშას ეზიდებიან, არჩევენ და სასიმინდე ძარში ყრიან. ვენახში დამწიფებული ყურძენი მოკრეფას ელის . ყურძნის კრეფა მთელი რიტუალია, რომლისთვისაც საგანგებოდ ემზადება სოფელი. პირტიტველა ბიჭები კაკლის უზარმაზარი ხის კენწეროზე ადიან და კაკალს ბერტყენ. გლეხკაცი სტუმარს პურადად და მხიარულად ხვდება. ამ დროს ხორაგი არ აკლია მას.
ბებოსთან ინტერვიუმ ძალზე გამახალისა. შევპირდი, რომ გაისად აუცილებლად დავესწრებოდი მოსავლის აღების პროცესს.
გიორგი გაბრიაძე
ჩემი სოფელი - ჭყვიში, ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. იქ რთველი ოქტომბრის შუა რიცხვებში იწყება. ოჯახის წევრები კრეფენ ყურძენს და ათავსებენ მას ხის საწნახელში. მოკრეფილ ყურძენს ჭურში ყრიან და ღვინოს აყენებენ.
მე ძალიან მიყვარს რთველი. ამ დღეს ერთად ვიკრიბებით მთელი ნათესაობა, ვმხიარულობთ და ვიხსენებთ წარსულ ამბებს.საღამოს ბებო ჩურჩხელებს ავლებს, რომელშიც ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას.
გარდა ყურძნისა, შემოდგომაზე უამრავი ხილი მწიფდება: ვაშლი, მსხალი, კომში, კარალიოკი..., ბერტყენ კაკალს, ტეხენ სიმინდს და ათავსებენ ნალიაში. ჭირნახული ინახება და ყველას გულს უხარია, როცა კარგი მოსავლით გლეხი კმაყოფილია.
დავით ჯინჭარაძე
IVჯგუფი-ბავშვებს ინტერნეტში უნდა მოეძიათ საინტერესო მასალა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
გაიმართა პრეზენტაციები, მოძიებული მასალებით შეადგინეს ფოტო-ალბომი და მოაწყვეს გამოფენა კლასში.
Комментариев нет:
Отправить комментарий